ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად:
„ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად;
ვერ დავდგები შეუყერელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად;
და შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.

„ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
და „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა».

„რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,
და მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

„წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.
„სიყვარული აღგვამაღლებს», ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ,
და შენ არ სჯერხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

„ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
და იგი გაჰხდის წამის–ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

„რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხამების, ვარდი ჭნების,
თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხო რადმე ეშვენების;
და მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

„რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;
აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა,
და სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

„არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
არა გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
და არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

„რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
თქვენვე გნახე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად;
და მას რა ვარგო, ესე ჩემთვის დიდებად და კმარის დავლად.

„მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
მეფეო, ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?!
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,
და პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

„არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა,
და რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა?!

„რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის-მხმეჭელსა,
შემდრკილ-შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი, ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა?
და სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
და სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

„მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად:
ცთების და ცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად,
და თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.

„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან,
და მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე, მლმობელმან.

„მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არასმქონები:
და მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

„რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;
ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წარსაგებლად,
და შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

„ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის,
ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის,
არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის,
და შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

„გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა,-
ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა,-
ნუგეშინის-ეც წყალობით, ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,
და ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

„გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა;
აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!
ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა.
და სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!“

მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა;
უთხრა: „ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,
შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა“.
და მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

8 thoughts on “ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

  1. ვერ გამიშინაარსებთ 7,8,9 და 10 კუპლეტს ? გთხოვთ რა ძალიაანნ (((

    • ლოლ. მოცემული ბლოგის ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას. იყიდება სპეციალური წიგნები. სკანერი რომ მქონდეს, აგიტვირთავდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s