დაგვიანებული პასუხი მამას

რა დავაშავეთ ჩვენ,
ვინც ვერ გავლოთდით, ვერც გავმდიდრდით,
ვერც დავიხოცეთ?..

ზვიად რატიანი

(მასვე)

მინდოდა მეთქვა,
რომ ჰაერი განა გვამძიმებს,
უბრალოდ მჭიდროდ გვეხუტება, ასე სჩვევია,
რომ ტკივილებიც ბავშვებს ჰგვანან,
ტირიან მაშინ, როცა გარშემო
არავინაა მათი სურვილების გამზიარებელი,
რომ სხვაგან წასვლას, აქ დარჩენა
ყოველთვის არ სჯობს
და რომ სიტყვები,
სანაპიროზე, მზისგან გახურებული კენჭებივით,
ტანს რომ გიწვავენ,
მხოლოდ ცდილობენ გაათბონ შენი სველი ზურგი
და რა ქნან მათაც,
ასე მოსდით, გადამეტებით, განა განზრახ,
განა არ სწუხან..

მინდოდა მეთქვა,
მირაჟია წვიმის წვეთები,
ხან თოთო ბავშვის თითებივით რომ გეფერება,
მზისგან დასიცხულ, გახუნებულ ხორბლისფერ კანზე,
ხან კი გისერავს სახეს ისე,
როგორც პარსვისას, ბლაგვპირიანი სამართებელი..
მირაჟია ყველა მდინარე
და რა თქმა უნდა, მათ ტალღებში,
დამცინავად არეკლილი უფიქრო მზერა,
შხეფებშეხსნილი ამაყად, რომ გვადევნებინებს თვალს,
ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობთ თავი დავიხრჩოთ..

მინდოდა მეთქვა,
არაყგამოცლილ, ჭუჭყიან ბოთლებსაც
ენატრებათ თავისი წარსული
და არასოდეს ჭახუნობენ იმაზე მეტად,
ვიდრე მათგან წამოსული სითხე – ჩვენს შიგნით,
ყველა მპოვნელი საბოლოოდ დაიკარგება
და ყველა კარი საბოლოოდ იქცევა ჩარჩოდ,
რადგან არასდროს გამწვანდება ხისფერი კუნძი,
რომელზეც ვჯდებით, ბოთლებს ვაწყობთ,
ანაც ბანქოს ვშლით..

მინდოდა მეთქვა,
არ გახედო ჰორიზონტს მაშინ,
როცა არავინ იყურება შენს გარდა იქეთ,
როცა არავინ იყურება იქიდან შენკენ,
რადგან მზე რომ ჩადის,
ჩვენ ვაშტერდებით, ვხატავთ, ვწერთ, ვძერწავთ
და ვერასოდეს ვასწრებთ დავწეროთ,
როცა ჩვენივე მეგობრები ჩადიან დაბლა,
უფრო დაბლა, ვიდრე მზე, წვიმა,
ან მდინარე..
და ჩვენ კი ვიცით, რომ მოვილევთ დაგროვილ სათქმელს,
დავწერთ ან ვიტყვით, ავშარდებით, კედელს შევაყრით,
ამოვიხვნეშებთ, წყალს გავატანთ, ჩავიჩურჩულებთ,
მერე კი ტანჯვით დაღლილები ძილს მივეცემით,
სანამ მზე ისევ უკან არ ამობრუნდება
და ისიც ვიცით, რომ არასოდეს მობრუნდებიან უკან ისინი,
ვისზეც ძილის წინ,
მხოლოდ საბნის მიღმა თუ ვფიქრობთ..

მინდოდა მეთქვა,
არ არსებობს დანაშაული,
არ არსებობენ მოპასუხე მხარეები
და მითუფრო არ არსებობს მოსამართლე,
რადგან ჩვენს ტკივილს ვერასოდეს სხვა ვერ აზიდავს,
მძიმე იქნება და ხმას ჩაუწყვეტს,
თვალებს დაჩიჩქნის და არასდროს მიუყვანს მშველელს,
რადგან ჩვენც ვიცით,
თუ ერთხელ მაინც ამოვარდა ქარი
და ვერ ვუშველეთ, ერთმანეთზე შემოჭიდებით,
მაშინ ყველანი გავჩუმდებით
და შინ მოსულნი, უსირცხვილოდ მოვიტყუებით,
რომ მთელი მტვერი, მთელი ჭუჭყი,
რაც კანზე აგვყვა,
იმის ბრალია, რომ შემთხვევით გზა აგვერია
და შუა გზაზე, უშნოდ დაგდებულ ქვას ფეხი წავკარით,
წავიბორძიკეთ და მტკივნეულად დავეცით დაბლა..

მინდოდა მეთქვა,
რა ხანია სიცილს ვიკავებთ,
როცა მეგობრებს გულისყურით ვუსმენთ,
თუ როგორ მიატოვა ისინი ქალმა,
რომელიც მუდამ ანგელოზად ეჩვენებოდათ,
ჩვენ კი ვიცოდით,
ვიცოდით მუდამ, რომ ანგელოზი,
ბევრ სხვა მეგობარს, უფრო ადრეც მოლანდებია
და რა ხანია მხეცებივით ვხარხარებთ,
როცა თვითონვე ვყვებით მეგობრის ამბავს
და თავშესაქცევ ისტორიად ვაქცევთ ჩვენს წარსულს,
რომელმაც ერთხელ მიგვიყვანა მდინარის პირას
და ხიდის მერყევ მოაჯირზე გადაგვაბობღა..

მინდოდა მეთქვა,
ასე არის,
ასე იქნება..
ჩამოგვენგრევა სხვენი თავზე,
ცა დაგვექცევა,
გამოიდარებს ნანგრევებზე და გამოჩნდება,
როგორც ნაომარ სველ მინდორზე,
მზე – ვალკირია..
მერე კი ისევ შემოვსხდებით ცეცხლის გარშემო
და ფიცსაც დავდებთ, რომ სიმართლეს ამოვთქვამთ ჩვენსას,
რომ აღარასდროს შევჭამთ ჰაერს, ზომაზე მეტად,
არ გამოვთვრებით მიწით
და ვეტყვით პირში, ცეცხლის ალს მიღმა მოკალათებულ
ჩვენს წარსულს, აწმყოს და თუ იქნა – მასაც, მომავალს,
ყველა ხარხარის, ყველა ძღომის დალექილ ამბავს..

და ბოლოს მაინც,
ძილისწინა ლოცვების შემდეგ,
და თბილ საწოლში, ემბრიონივით მოკუნტვის შემდეგ,
ყველა ფიცის, ყველა კოცნის და სიტყვის შემდეგ
ჩვენივე თავსაც დავუმალავთ,
რომ ისევ არ ვთქვით,
ისევ არ ვთქვით, რაც უნდა გვეთქვა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s