* * *

არიან ქალები – უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები – ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები – ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები – ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები – ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები – გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები – ფორმულები,
მათ ძუძუებს დაავიწყდათ
მამაკაცის ტუჩების ელდა.
არიან ქალები – მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო,
არიან ქალები – ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ სიყვარულზე ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ რომ დაგვამარცხონ;
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები – რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები – დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს,
არიან ქალები – ჩვენი შვილები,
ჩვენ მიერვე ჩვენივე ჟინისგან გამოჩორკნილნი,
არიან ქალები . . .
და არიან კიდევ ქალები – პოეტები,
დაღლილნი და ღამეების მარტოობას შეფარებულნი,
ქალები – ტკივილები
”თვალების რაფებზე ჩამოწყობილი ცრემლებით,”
ქალები, რომელთაც შეუძლიათ
მამაკაცების ბინძური გულები – ავგიას თვალები
გააღონ ხანდახან, გაანიავონ და გამოწმინდონ,
ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები,
ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი
სურნელია ბალახების, მზის და გვირილის,
ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად არიან ქალები,
ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები,
ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები,
რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არავის,
რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს
ჩვენი ცოდვები და ტკივილები,
რადგან მათ უთხრეს: თქვენ უნდა იყოთ
უდაბნოები – ქალები და კიდევ ქალები ჭაობები და ლარნაკები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები – ტოლჩები, ქალები – კედლები,
ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები – მყუდრო ოთახები
და ის ქალები სუყველანი,
რომლებიც ”უბრალო” ქალები არიან და
ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა
ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან,
დადიან და ვერც გუმანობენ, რომ თქვენც არსებობთ,
ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები,
ძალინ დიდხანს ნამალავი და
უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული
პირღია ჭრილობებით,
ქალები – პოეტები,
ლურჯი ზმანებებით
და ”ყელზე გამობმული ღუზით,
რომელიც ზღვაში გახრჩობთ,”
ქალები – პოეტები, რომელთაც ასე ძალიან
მინდა გითხრათ:
დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის!

4 thoughts on “* * *

  1. თავიდან მომეწონა, შუაში გაასწორა, ბოლოში გაიწელა. მაგრამ თავიდან მაინც გენიალური იყო )) :*

  2. ვაჟა ფშაველა–სიმღერა
    არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
    დავდივარ დედიშობილა,
    მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
    ვინც სიღარიბით ცნობილა.
    ამ წუთისოფლის თორნეში
    ბევრი სხვა გამოცხობილა.
    ჩემს გარდა ასეთ ყოფაში
    მრავალი სხვაცა ყოფილა.
    ყველას სამარე მიგველის,
    ვინც დედის მუცლით შობილა.
    საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
    თავი მდიდარი მგონია,
    ისეთი, თქვენმა ძმობამა,
    ჯერ არვის გაუგონია.
    მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
    მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,
    ზღვა და ხმელეთი ერთიან,
    ცას _ ვარსკვლავების ჯარია,
    დილით მზე მანათობელი,
    ღამის გუშაგი მთვარია,
    მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
    ბეჩავთ ქვითინი მწარია,
    ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
    ცა მოწმენდილი, დარია;
    დილით გაფურჩნა ვარდისა,
    მთელი იმისი გვარია;
    ია, უღრან ტყეს მოსული,
    თალხკაბა, ენამტკბარია,
    კლდის თავს გაშლილი პირიმზე, _
    მთის სასახელო ქალია;
    მარგალიტივით მდელოზედ
    ბრჭყვიალა დილის ცვარია.
    ზამთრის ზვავების ქუხილი,
    გაზაფხულს წვიმის ღვარია,
    იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
    თუ დამიკეტეს კარია.
    ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
    რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
    ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
    მძინარიც იმას ვდუდუნებ;
    საწყალთ საწყლობა რო მესმის,
    იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
    არცროს უსაქმო არა ვარ,
    მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
    ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
    ბეჩავთაც გავუზიარებ.
    სიკეთისათვის სიკეთეს
    არავის დავუგვიანებ.
    ავის თქმით, ავის ქცევითა
    გულს არვის დავუზიანებ.
    ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
    რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
    ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
    მძინარიც იმას ვდუდუნებ;
    საწყალთ საწყლობა რო მესმის,
    იმად მაგივრად ვწუწუნებ;
    ხანდახან ჟინი ამიღებს,
    სიმღერას დავაგუგუნებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s