ნინოს

ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.

სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამეტი და კიდევ
სამი ხაზი,
ანუ ავად ვარ და ანუ
ამიწია –
სიცხემ, საკუთარი თავის
ემიგრანტი,
მერქვა დეკემბერიც სისხლში
მიჟონავდა,
მაგრამ გეფიცები რაც შენ
შემიყვარდი
სიცხეს გულის მხარეს აღარ
ვიზომავ და… –

რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები,
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები.

ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.

ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
დავდივარ ქუჩებში და
ვრწმუნდები იშვიათი,
ძალიან უმნიშვნელო
ქუჩაა მამაჩემი.

გავლენით არავითარ,
ვაგრძელებ ჩვეულებრივ,
ქრონიკას რეალობის
ტოტები ავაჭერი,
ვიღაცას არ ჯერავს
და
მე მართლა გეუბნებით
აი ეს ეპოქაა
(მარტივად) მამაჩემი.

ცხადია როგორც წესი
ლექსებიც ბერდებიან,
შენ უკვე დამარცხდი და
კუთხეში აიტუზე,
მამებიც შიგადაშიგ
ცოცხალი ხეებია
და ქმნიან გარდაცვლილი
მამების ჰაბიტუსებს.

ბავშვობას უმარილო
კადრებად ვალაგებ და
მშორდება იშვიათად
რაღაცა ირონია,
სხვას თავი დავანებოთ
არც მეტი, არც ნაკლები,
საბრალო მამაჩემი,
აი ეს სტრიქონია.

ღამეა გეფიცები
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი
და ასე უმეტესად
ძალიან მეწერება
და ასე იშვიათად
მეც მქვია მამაჩემი………….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s