14 იანვარი

მოვიდა მცხეთას… გაიშალა მინდორში თმები
და ძველ ღმერთებმა სასწაული დიდი იხილეს:
დაღამდა დილა… იძრა მიწა, შეირყა მთები
და ვაზის ჯვარით დუჩლუნგა პირი მახვილებს.

სიონში დღესაც ვხედავ დედებს სევდით მოხრილებს.
წმინდანისაგან მოელიან სასწაულს დები…
ძმების საფლავებს ვერ დავადნეთ მძიმე ლოდები
და მათი სისხლი წყაროებათ დასდის ბნელ თხრილებს.

დე, გმირთა გვამებს ერი ფარად გადაეფინოს!
გწყალობდეთ ხმალი დავითისა და ჯვარი ნინოს!
თქვენ კი, უღირსნო, რომ გახვიეთ დედა შავებში,
აკვანს ნუ არწევთ მშობელთ სისხლში გასვრილ ხელებით,
თორემ ყოველი ღერი თმისა სქელ ნაწნავებში
გადმოეშვება ნინოს ჯვარზე ბასრ მახვილებათ.

სხვადასხვა

“ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო!”

* * *

“თუ გამარჯვება არ არსებობს სისხლის გარეშე,
მხოლოდ სისხლისთვის გიხმობთ ჩემი ბუკი-ნაღარა,
ისე არ ჩავალ, ცით მოსული, ბნელ სამარეში,
თუ არ შევღებე მტრების სისხლით ჩემი ჭაღარა”

* * *

“შენი ალვის ხე იზრდება
გურიის ცენტრში მცინარი,
აბჯარ-ასხმული ვაჟკაცი –
განთიადისკენ მზირალი.

ისე გიმსხვერპლა საწუთრომ,
დრო ვერ იხილე მზიანი,
სიკვდილს სამშობლო არა აქვს,
სამშობლო – სიკვდილი არი!”

შეფიცულებს

თქვენ ამბობთ: “მოკვდა! მივაბარეთ დღეს უცხო მიწას.
არ გვყავს ქაუცა, დაგვიობლდა შეფიცულთ კერა:.
შეფიცულებო, ნუ ქვითინებთ, თქვენ თავსა ვფიცავ,
ეს ტყუილია, არ მომკვდარა, მე ეს არ მჯერა.
არ დაიჯეროთ, რომ დაჭრილი ვაჟას არწივი
გამოესალმა მთის მწვერვალებს დღეს სამუდამოდ,
რომ მის მაგიერ ფრთებს ზედ დადეს ლოდები ცივი,
არ დაიჯეროთ ტყუილია, მტერს არ აამოთ.
მე ამას ვამბობ და ეს მჯერა. ვამბობ, იცით რას?
დაჭრილმა მკერდში, დაქანცულმა ბოლოს ინება
ნაბადის გაშლა რბილ მწვანეზე დიდ მუხის ძირას
და…
… მიძინება.
და სძინავს, სძინავს მეფურ ძილით საყვარელ ბელადს…
ჩუმად… ნუ სტირით… მოვასვენოთ გუშაგი ერის…

ბატონიშვილს

ჩავაგეთ ხმლები… შეგვირიგდა ანჩხლი ირანი…
კრწანისის ველმაც დაივიწყა ბუკი, ნაღარა
და ძმობის ნიშნად გადაფურცლა მოლამ ყურანი,
ისკანდერ მირზას როცა მიწა გადაეყარა.

შუაღამისას ესტუმრება საფლავს ყორანი,
საქართველოში ვაჟკაცს სისხლით რო გამაძღარა
და სეკაზმული დასჭიხვინებს თავზე მერანი…
– ბატონიშვილო, აღარ გარგებს ძილი, აღარა! –

პასუხს არ იღებს არც სამარე, არც თეჰერანი
დღეს ქუდმოხდილი, გარიყული, მუნჯი, ვერანი.
– ბატონიშვილო! ჩრდილოეთით მოსულ ავდარში,
გაშავდა ჯვარი, დაიჟანგა და მოიხარა
და შენი ხმალი მოქნეული, გადატყდა ტარში…
– ბატონიშვილო, აღარ გარგებს ძილი, აღარა!

თეთრ გიორგნელთა სიმღერა

ჩვენ მოვევლინეთ საქართველოს განწირულ დროში,
მიგვიღო ზეცამ, მაგრამ მიწა გვეძახის გერებს.
მოვდივართ მწყობრივ ბნელ ღამეში გიორგის დროშით.
დავგმეთ წითელი და ვადიდებთ წარსულის ფერებს…

მივდივართ ქარში, მძიმე მარშით, გამართულ ფეხით
და გვჯერა მთვარე ვერ წაშლიდა მთებში მზის ნავალს.
ჩვენს მიწა-წყალზე გავივლით მეხით,
რომ გავუკაფოთ გზები მომავალს!

სიყვარული ჩრდილოეთში

შენ გიყვარს ცაცხვი, მე – დიდი მუხა.
შენ – მკრთალი ნისლი, მე – დღე ნათელი.
შენ გიყვარს ზეცამ თუ დაიქუხა
და სველი ბაღი წვიმით ნათელი.

მე მზეს ვიცქერი, შენ – ჩამქრალ მთვარეს.
მე მიყვარს სიცხე, თხელი მანდილი;
შენ კი მთელი ტყე შემოიარე,
ჩრდილს დაეძებდი ხის ქვეშ ამ დილით.

იყო საღამო, დღის ლურჯი სახე…
ქუჩებში ყვითელ ფოთლების დარდი…
და ეხლა ვნანობ, რად დავინახე,
თუ მზით არ სცოცხლობ, რად შემიყვარდი?

გადაეფინა ყინული არხებს…
დროც გაიყინა… ეთერს არ ველი.
ვგრძნობ მაღალ კოშკში გული დავმარხე,
სად ჩრდილოეთი და სად ქართველი?

* * *

და თუმცა აოხრებულს, მიგდებულს ობლად
ჩვენ, სამარცხვინოთ, ბინძურ ქუსლის ნაკვალი აზის,
მე მჯერა, რომ მომავალს სანუგეშებლად
მოევლინება თამარის მზე და ჯვარი ვაზის.

გამოეშლება მოთმინების მკვირცხლი ჩახმახი,
(წინაპართ აჩრდილთ ჩრდილოეთის ქარი აჯავრებს).
წამოიჭრება საფლავიდან პატარა კახი,
იშიშვლებს მახვილს და დარაზმავს საომრად ჯარებს!